თავზე კეტჩუპები წაუსვეს, ფქვილი დააყარეს, ტუალეტის ქაღალდებიც, არ უნდა დაგვეკავებინა? - გომელაური აქტივისტებზე

პუბლიკა

„ხშირად გაჟღერდა, ერთი კეტჩუპის კედელზე მისხმაზე როგორ შეიძლება ადამიანს იჭერდნენო. კეტჩუპის კედელზე მისხმაზე არ დაგვიჭერია ჩვენ არავინ არასდროს. აქ არის ხოლმე პოლიციის წინააღმდეგობაზე დაკავება, რაც გააკეთეს კანცელარიის წინ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ვახტანგ გომელაურის თქმით, აქტივისტების ქცევა შეურაცხმყოფელი იყო.

„თავზე კეტჩუები წაუსვეს, ფქვილი დააყარეს, შემდეგ ტუალეტის ქაღალდები დააყარეს ზევიდან და იძახით, რომ არ უნდა დაგვეკავებინა ეს ადამიანებიო. რომელ ქვეყანაში შეიძლება, ერთ-ერთი ქვეყანა დაასახელეთ, კეტჩუპი დაასხა თავზე, ფქვილი დააყარო თავზე, ტუალეტის ქაღალდები ესროლონ და პოლიციელმა არ დააკავოს. მერე იძახით, რუსეთში რომ იქცევიან, ისე იქცევითო. ევროპის ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ასე მოვიქცევი და არ დამაკავებენ“, – განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრმა ასევე ადმინისტრაციულ საქმეებზე  პასუხისმგებლობის დაკისრების ქართული პრაქტიკა ევროპის ქვეყნებს და ამერიკას შეადარა და განაცხადა, რომ ჩვენთან მსუბუქი სასჯელებია გათვალისწინებული.

„ჩვენთან 4500 ლარი მესამეჯერ, ან ეგ ან ორი კვირა მაქსიმუმ 15 დღე თავისუფლების აღკვეთა, არ ვთვლი, რომ კატასტროფა მოვახდინეთ. პირიქით, ასეთი რბილი სასჯელი მგონი არც ერთ ქვეყანაშია“, – თქვა მან.