თბილისსა და რეგიონებში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ

პუბლიკა

თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში სტუდენტების, მოსწავლეების, ლექტორებისა და პედაგოგების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს.

რეგიონები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს.

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეზოში შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ აერთიანებთ ერთი მიზანი, დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი. ისინი ლექტორებს და სხვა „ნეიტრალურ პოზიციაზე“ მყოფ ადამიანებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ.

„მე ვარ სამართლის სტუდენტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უმაღლესი კანონის დაცვა, რასაც მთავრობა არღვევს, ეს ჩვენთვის იწვევს პროტესტს და გვინდა მხარი დავუჭიროთ თბილისში მომიტინგე სტუდენტებს“, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი „ფორმულასთან“.

ქუთაისში აქციის მონაწილეები მერიასთან მივიდნენ და სკანდირებდნენ – „გამოდით“.

საპროტესტო აქციას მართავენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, მივიდნენ საზღვაო აკადემიასთან, საიდანაც სტუდენტების ნაწილი აქციას შეუერთდა. აქციას შეუერთდნენ ბათუმის მე-8 სკოლის მოსწავლეებიც. სტუდენტები მსვლელობით მივიდნენ აჭარის სამინისტროებთან და სკანდირებდნენ – „გაიფიცე“. აქციაზე წაიკითხეს განცხადება:

„მე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი, ლელა მიქელაძე, რომელიც საჯარო სამსახურში 20 წელიწადი ვმუშაობ და ვემსახურები ქვეყანას, მხოლოდ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ხელმძღვანელობით, მივიჩნევ დღეს საქართველო იმართება ოკუპანტი ქვეყნის კარნახით. შემზარავია იმის ყურება, თუ როგორი გამეტებით უსწორდებიან მშვიდობიან პროტესტანტებს. ასე ვერ გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესს აუცილებლად დავუბრუნებთ საქართველოს, ამიტომ ვიფიცები და ყველას მოვუწოდებ შემომიერთდნენ, აუცილებლად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია“.

საპროტესტო აქცია იმართება თელავშიც – გაფიცვას შეუერთდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუდენტები შეხვდნენ რექტორს, როგორც „მთავარს“ მარიამ მამნიაშვილი ეუბნება, „ვთხოვეთ სამი სიტყვა დაეწერა – საქართველოს ადგილი ევროპაშია, გვითხრა, რომ ამას ვერ გააკეთებდა და არ გააკეთებდა“.

სკოლის მოსწავლეებმა აქციები გამართეს ზუგდიდსა და გორში.

ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობა აქვთ თსუ-ის სტუდენტებს, რომლებიც მაღლივიდან დაიძრნენ.

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში დაეხმარება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს, ლექტორებსა და თანამშრომლებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“.

მოსწავლეებმა პროტესტი გამოხატეს თბილისის არაერთ სკოლაში.

,,ჩვენი სკოლის მოსწავლეების ნაწილი, რომელიც დღეს სკოლასთან იდგა (და არა მარტო ისინი) კატეგორიულად გმობს იმ ყველაფერს, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. დღეს მოსწავლეები გამოვედით და გავაპროტესტეთ სკოლის მხრიდან დუმილი კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებსა და თანატოლებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებიან. იქ, სადაც ყოველდღე იმაზე გვესაუბრებიან, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არის მძიმე დანაშაული, არ ვაპირებთ რომ სიჩუმე ავიტანოთ. სკოლის და მასწავლებლების მხრიდან ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ მოსწავლეების ხმა უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ახლა ნიშნავს. 143–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასტიკად ეწინააღმდეგებიან ძალადობას და არასდროს გავჩუმდებით და დავხუჭავთ თვალს, როდესაც ჩვენს თანატოლებს და ახლობლებს ასე იმეტებენ. ვითხოვთ ყველას მხარდაჭერას, რომ ჩვენმა სკოლის მოსწავლეებლმა და მშობლებმა თავისი აზრი მკაფიოდ გააგონონ საზოგადოებას!”, გაავრცელეს თბილისის 143-ე სკოლის მოსწავლეებმა.

ფოტო: info imereti.