„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის,. თბილისელების სახელით მინდა, ეს მადლობა გადავცე“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის” ეთერში.
დედაქალაქის მერი ფონდ „ქართუსთან“ ერთად დაწყებულ პროექტზე საუბრობდა, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საუბარია, დაახლოებით, 700 ჰექტარზე და პროექტისთვის ფონდი „ქართუ“ 16 მილიონს ხარჯავს.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდის ფერდობი დედაქალაქის „გული და ფილტვებია“, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გამხმარია ხეები და გავრცელებულია დაავადება, რომელიც ჯანსაღ მცენარეებსაც აზიანებს.
თბილისის მერის განმარტებით, პროექტის განხორციელების სავარაუდო დრო 4 წელია, რადგან დასამუშავებელია დიდი ფართობი, რომელიც მთაწმინდიდან კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
„7 მლნ კვადრატული მეტრი – გარკვეული დრო დასჭირდება, რომ განხორციელდეს, თუმცა საზოგადოება ეტაპობრივად ამას დაინახავს“, – განაცხადა კალაძემ.