თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა დასამტკიცებლად. კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა.
მისივე თქმით, მმართველი ძალის თუ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ვალდებულია, თბილისის საკეთილდღეოდ მაქსიმალურად დაიხარჯოს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ და მუშაობ – თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით.
„ჩემგან არავის გესწავლებათ და ყველამ ვიცით, რომ თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას.
თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით. ალბათ ყველა „ახალგაზრდა“ ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, ყველა ძველი ქალაქი კი თავისებურად გამორჩეულია, თუმცა, თბილისს არამხოლოდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩაბუდებული ისტორია და გასაოცარი კულტურული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობა, არამედ სწორედ მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში გაფანტული ადამიანები ქმნიან.
სწორედ ეს ადამიანები სძენენ ამ საოცარ ქალაქს სიცოცხლეს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვალდებული ვართ, მათი საცხოვრებელი გარემო გავხადოთ სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი, უფრო ჯანსაღი, უფრო კომფორტული და, რა თქმა უნდა, სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა კახა კალაძემ.