„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლის ბილეთები გაძვირდება. თუკი მგზავრები მეორე კლასის ბილეთში 25 ლარს იხდიდნენ, ახალი ფასით მათ 34 ლარის გადახდა მოუწევთ. 10 ლარით გაიზრდება პირველი კლასის ბილეთი.
„საქართველოს რკინიგზა“ ბილეთების გაძვირებას „ობიექტური მიზეზებით“ ხსნის და ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების გაძვირებასა და სხვა ხარჯების ზრდას უკავშირებს.
„წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.
აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი.
25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა:
1. მეორე კლასი – 34 ლარი;
2. პირველი კლასი – 74, 00 ლარი;
3. ბიზნეს კლასი – 124 ლარი;
მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს.
აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება“, – წერს „საქართველოს რკინიგზა“.
ასევე, კომპანიის განცხადებით, უცვლელი დარჩება შეღავეთებიც მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის.
„ასევე, მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) – 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“, – აცხადებს კომპანია.