თბილისი ცენტრალი: მზად ვართ, უმოკლეს ვადაში მოვამზადოთ სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი

პუბლიკა

„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არიან უმოკლეს ვადებში მოამზადონ ხანძრის გამო დამწვარი „ბორჯომის ბაზრის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თბილისი ცენტრალს“ გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეკონსტრუქციისთვის.

განცხადების მიხედვით, 30 აპრილს, დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე, დაზარალდა შპს ბაქანი და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტი მოვაჭრე. ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს „თბილისი ცენტრალს“ საქართველოს რკინიგზისგან. ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს ბაქანი.

„მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, სს თბილისი ცენტრალი აცხადებს სრულ მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.

სს თბილისი ცენტრალს გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეკონსტრუქციისთვის, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულ მოიჯარეებს აღადგინონ კომერციული საქმიანობა. ვითვალისწინებთ რა დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობას, ბაზრობის ოპერატორთან ერთად ვიხმართ ყველანაირ ღონეს რომ მათ შევთავაზოთ კომერციული საქმიანობის განახლების შეღავათიანი პირობები და ხელი შევუწყოთ დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – წერია განცხადებაში.