თბილისი დედაქალაქია, დედა-ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად - ჯამბულათ ხოფერიას მამა

პუბლიკა

„თბილისი დედაქალაქია, დედა-ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად…”, – ამის შესახებ facebook-ზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია წერს.

„მეომრის გზა რთულია მაგრამ ეს არჩევანია.. მთელი ცხოვრება იყო მეომარი, ეს ორმაგად რთულია, იმიტომ, რომ შენ გიფარავს ღმერთის ხელი, ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს. გემატება ტკივილი, რომელიც საჭურველთან ერთად უნდა ატარო, მაგრამ ყველა მეომარმა იცის, რომ ცხოვრება გრძელდება, ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ:

ნაძვის ხეც უნდა დაიდგას, რამეთუ ბავშვებს ძალიან უყვართ ის და ჩვენი მომავალი ბავშვებია, საიდანაც უნდა მოვიდეს ჩვენი ცვლა…

ქალაქიც განათებული უნდა იყოს, ხალხიც უნდა ზეიმობდეს, ვისაც ეზეიმება, რატომ? – იმიტომ, რომ მწუხრი და სიხარული გვერდი-გვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა, იმედი არ დაკარგონ…

თბილისი კი დედაქალაქია, დედა-ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად…

იცოდეთ მეომრები წასულებიც და ისინიც, ვინც დარჩა, იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად ფარად, რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს…”, – წერს ხოფერია.

ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში 1-ელ დეკემბერს დაიღუპა.

29 ნოემბერს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ წინასაახალწლო სლოგანი „თბილისი მშვიდობის ქალაქი“ იქნება. შესაბამისი წარწერა თავისუფლების მოედანზე უკვე დამონტაჟდა.