„თბილისი ენერჯი“: „სითი მოლი“ ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

პუბლიკა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

კომპანიის ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯიმ“ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის 8 სანთურა ღია იყო დატოვებული.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიდი რაოდენობით გაზის დაგროვებისა თუ გაჟონვის 48 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 48-ვე შემთხვევაში ძლიერი აფეთქების დიდი რისკი იყო…

…ბოლო სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალგზის გაფრთხილებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით აქტიური სოციალური კამპანიისა, ადამიანები უგულებელყოფენ საფრთხეს, თვითნებურად გაჰყავთ და აერთებენ გაზის დანადგარებს, კუსტარულად გაჰყავთ გაზგაყვანილობა და უყურადღებოდ ტოვებენ გაზის ხელსაწყოებს.

გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და გავაფრთხილოთ ჩვენი მოსახლეობა – გთხოვთ, იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა. თქვენი არასწორი ქმედების შედეგად თქვენ, თქვენი ოჯახის წევრებს და მეზობლებს საფრთხეს უქმნით. ნუ იქცევით უნებლიე მკვლელებად“, – წერს კომპანია.