„თბილისი ენერჯის“ ორი ბავშვისთვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

„2019 წლის იანვარში, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთხელ შეატყობინეს  შპს „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ცენტრს. ადგილზე გამოცხადებულმა კომპანიის თანამშრომლებმა, ოსტატმა და ზეინკალმა, არ შეასრულეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათთვის დაკისრებული ვალდებულება – სრულად შეემოწმებინათ როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე, თითოეულ სართულზე არსებული ბინები, ლიფტის შახტი და სათავსო. ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. მათ მიერ გამოძახების ადგილის დატოვებიდან დაახლოებით ორ საათში მოხდა გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის ძლიერი აფეთქება, რამაც გამოიწვია ოთხი ადამიანის, მათ შორის, მოსარჩელეების დედის და მცირეწლოვანი ძმის გარდაცვალება. აფეთქების შედეგად მოსარჩელეების ჯანმრთელობასაც მიადგა ზიანი“, – ვკითხულობთ საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის სამართლებრივი პოზიცია შპს „თბილისი ენერჯის“, როგორც დამსაქმებლისა და როგორც ლიცენზიანტი კომპანიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სახეზე იყო მოპასუხის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. ამასთან, სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, „აშკარად იკვეთება შპს „თბილისი ენერჯის“ ვალდებულება, შეემოწმებინა ის კონკრეტული ბინა და ის, რომ ამ აფეთქებასაც ჰქონდა თავისი წილი, ბინის მესაკუთრესთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს შპს „თბილისი ენერჯის,“ როგორც ლიცენზიანტ კომპანიას“.

შედეგად, მოპასუხე შპს „თბილისი ენერჯის“ არასრულწლოვანი მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა:

– სარჩოს გადახდა დედის გარდაცვალებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე;

– ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 000 და 2 000 ლარის ოდენობით;

– დედისა და ძმის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისთვის 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით.

საიას ცნობით, სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში.