Tbilisi Open Air წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

პუბლიკა

Tbilisi Open Air წელს 24 და 25 მაისს გაიმართება და ის განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურება.

ფესტივალის პროგრამაში იქნებიან ქართველი შემსრულებლები, მათ შორის, ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, პაატა ბურჭულაძე, მერაბ სეფაშვილი და გიორგი უშიკიშვილი.

ფესტივალის განცხადებაში წერია:

„ჩვენი ფესტივალი ყოველთვის იყო და არის ადგილი, სადაც ყველას ხმა ისმის და სადაც სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წლევანდელი Tbilisi Open Air განსხვავებულ ფორმატში ჩავატაროთ.

Tbilisi Open Air-ის ეს სპეციალური გამოშვება არ იქნება მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. წლევანდელ Open Air-ს ჩვენთან ერთად უმასპინძლებენ: ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.

24-25 მაისს წინ ორი ყველაზე ქართული დღე გველოდება – ერთად შევხვდეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალხმიანი შემადგენლობით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Early Bird ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ 1918 აბონემენტი, შემდეგ კი ფასი მოიმატებს და დღიური ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.

tkt.ge/openair – ბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში.
  • დონაციის საშუალება თქვენც მოგეცემათ. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია TBC – თიბისი.

შევხვდებით 24-25 მაისს Lisi Wonderland-ში!

#MusicBreaksFree“