თბილისი პრაიდი მიმართვას ავრცელებს

პუბლიკა

თბილისი პრაიდი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზადაა ჩაერთოს თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში და მტკიცედ დადგეს საერთო მიზნის ირგვლივ.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:

„გამარჯვება გააზრებული, მშვიდი ნაბიჯებით, კრიტიკულ დროს ძალების გაერთიანებით და სწორ დროს გამბედავი ქმედებებით მიიღწევა.

ერთ მხარეს ვდგავართ მოქალაქეები, ვისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებულია, აქტივისტები, უფლებადამცველები, ხელოვანები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება. მეორე მხარეს კი კომფორტულ სავარძლებში მოკალათებული ადამიანები, რომელთაც რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა, ჩვენგან მტრის ხატის გამოყვანა და საზოგადოების დაყოფა განუზრახავთ.

ჩვენ ვართ გრძელვადიან, წინააღმდეგობებით სავსე ბრძოლაში. წარმატება კი მხოლოდ ერთიანობით, თანმიმდევრულობით, მობილიზებითა და სტრატეგიული მოქმედებებით მიიღწევა.

აღმაფრთოვანებელია თითოეული ჩვენგანის მზადყოფნა, ჩავერთოთ ჩვენი თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში და მტკიცედ დავდგეთ საერთო მიზნის ირგვლივ.

ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვისმენთ, ჩვენ ვერთიანდებით.

ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, – ნათქვამია განცხადებაში.


არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

29 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძემ მომდევნო დღეს თავის ჰომოფობიურ გამოსვლაში „მავნე თემის პროპაგანდა“ ახსენა და აღნიშნა, რომ „ძირითადად ჩვენ აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანადის მავნე შედეგებზე“.

მან „პროპაგანდის“ გავრცელების გზად დაასახელა ფილმები და სერიალები, რომელთა პერსონაჟები ლგბტ ადამიანები არიან.

„ამბობენ იმას, რომ ბუნებრივი მოვლენაა, ადამიანი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს – ეს არის პირდაპირი პროპაგანდა“, – ასე განმარტავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რუსული კანონის“ ავტორი გურამ მაჭარაშვილი.

მდინარაძემ კვლავ „გელაპის“ კვლევით მანიპულაციას მიმართა და „პროპაგანდას“ დაუკავშირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტქ თემის წევრად აიდენტიფიცირებენ. კვლევაში მსგავსი ურთიერთკავშირი ნახსენებიც კი არ არის.

გარდა ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, ბოლო დღეების განმავლობაში მანიპულირებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ორგანიზაციული მემორანდუმის შინაარსითაც, რომელშიც ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, „როცა შესაძლებელია, გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენონ“. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს საქართველოსა და ქართულ ენასთან, რომელსაც სქესი არ გააჩნია, კავშირი არ აქვს.

„რუსული კანონი 2“

რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვნებში.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმას და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ.„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის ვარიაციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობის საწინააღმდეგოდ საჯარო ხელისუფლების მიერ.

2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ კანონპროექტს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“, რომელიც კრძალავს პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების შესახებ, არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვა კი ისჯება ჯარიმით.