Tbilisi Pride: ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა ყოველთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება

პუბლიკა

თბილისი პრაიდი 5 ივლისის ძალადობის სამი წლის თავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„სამი წელი გავიდა ქვიარ თემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრავმული დღიდან. 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში” ვერ შედგა. მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ქალაქის ცენტრში ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, ჟურნალისტებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას” ოფისები.

ამ წელს პოლიციამ კიდევ ერთხელ არ უზრუნველყო თემის წევრებისა და მხარდამჭერების უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ გაიმეტა თავისი მოქალაქეები ძალადობისა და სიცოცხლის საფრთხის რისკის წინაშე აღმოჩენისათვის.

სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობასა და პოლიტიკურ ჰომოფობიას ემსხვერპლა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომლის წინააღმდეგაც ბინძური კამპანიის წარმოებით სცადა ხელისუფლებამ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ჩამორეცხვა.

ჩვენთვის 2021 წლამდეც, 2021 წელსაც და მას შემდეგაც, ყოველთვის ცხადი იყო, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მცირე ძალადობრივი ჯგუფების წახალისებითა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებით ხორციელდებოდა.

ეს დადასტურდა 2021 წლის 6 ივლისსაც, როცა საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა თემს რუსთაველის გამზირზე. ეს დასტურდება ყოველთვის, როცა ქართველი ხალხი იბრძვის მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ; ეს დადასტურდება 26 ოქტომბრის არჩევნებზეც”.

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას” და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს. ამ დღეს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო „ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიებისა და არასამთავროების შეფასებით, ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმ დილას გაკეთებული განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს. 5 ივლისის ორგანიზატორები ხელისუფლებას დღემდე არ დაუსჯია. „პუბლიკამ“ მომხდარიდან მალევე მოამზადა მასალა, სადაც ჩანდა, როგორ მოუწოდებდნენ „ალტ-ინფოს“ ლიდერები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ და ასევე, როგორ აქეზებდნენ ადგილზე თავიანთ მომხრეებს ძალადობისკენ.

მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე გასულ წელს ამტკიცებდა, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყოლია და ეს იყო „სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს შესაბამისი რეაგირება“.