Tbilisi Pride: მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს ლაზარე

პუბლიკა

Tbilisi Pride-ის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისს დღეს განაჩენი  კლანურმა სასამართლომ გამოუტანა.

მათი თქმით, სისტემა ლაზარე გრიგორიადისს უკვე ერთი წელია მარტის აქციების გამო სჯის, დღევანდელი განაჩენი კი „საბოლოო გზავნილია ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას”.

Tbilisi Pride მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი.

„სამარცხვინო კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა! 2023 წლის მარტის აქციებზე მოპოვებული გამარჯვებისთვის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, დასასჯელად უკვე ერთი წელია სისტემა სჯის ლაზარეს, დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას! თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება იქნება ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ერთად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალოს ლაზარე! ჩვენში, საქართველოს მოქალაქეებში, სასოწარკვეთის გამოწვევა და ჩვენთვის იმედის ჩამორთმევა არასდროს ყოფილა მარტივი და არც ამ უღირსი ქმედებით გამარტივდება! ყოველი დღე, რომელსაც ლაზარე ციხეში ატარებს, არის თითოეული ჩვენგანის სასჯელი და იმ ევროპული მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომლისთვისაც 2023 წლის მარტში ლაზარე ჩვენ გვერდით, ჩვენთან ერთად იბრძოდა!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს და ციხეში 8 წელს გაატარებს.

გრიგორიადისი ორ სხვადასხვა საქმეზეა მსჯავრდებული, კერძოდ, 2023 წლის 25 სექტემბერს მას 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა მამის დაჭრის საქმეზე.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს დღესვე მიმართეს. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანეს.