Tbilisi Pride „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ ინიციატივას ეხმიანება და საზოგადოებას დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა ლგბტქი საკითხებით მანიპულირების სრულიად უღირსი მცდელობები, რომლებმაც თემის არაერთი წარმომადგენელი ქვეყნიდან განდევნა, ხოლო ქვეყანაში დარჩენილები სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობისთვის გაწირა.
Tbilisi Pride-ს განცხადებით, სწორედ ამ ტენდენციას უკავშირდება მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკაც, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლებას სურს გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რაც საზოგადოების წინაშე დგას.
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ლგბტქი საკითხებით მანიპულირების სრულიად უღირსი მცდელობები, რომლებმაც მრავალი ჩვენგანის სხეულებზე გადაიარა, ქვეყნიდან განდევნა თემის უამრავი წევრი, ხოლო ქვეყანაში დარჩენილები სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობისთვის გაწირა. სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკაც. ამგვარი არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებიც ცხადია: ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის, საერთოა – სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია, ბავშვთა შიმშილი, კორუფცია, გაჩანაგებული და სტიქიების ეპიცენტრად ქცეული გარემო, კლანური სასამართლო, რუსული გავლენები, დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე და სხვა.
ახლა, როდესაც სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, მან წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია, რადგან მისი ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის – ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკოსები სკამებს ებღაუჭებიან, რეალური ადამიანების გაწირვის ფასად. ამ პროცესში კი ზიანდება არამხოლოდ ქვიარ თემი, არამედ მთელი საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც სიძულვილით ნაკვები პოლიტიკის პირობებში ემიგრაციის გარდა თვითგადარჩენის სხვა გზა აღარც რჩება.
ვხედავთ თემის წევრებსა და ფართო საზოგადოებაში გაზრდილ სტრესს, წუხილსა და შფოთვას. გვსურს გითხრათ, რომ ამ გრძელვადიან ბრძოლაში თქვენს სამსახურში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევისთვის მუხლჩაუხრელ შრომას. ქვიარ ადამიანების სათქმელს, მათ გამოწვევებსა და გამოცდილებებს მივიტანთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულებამდე. მოვიკრებთ მოკავშირეებს და ავაშენებთ სოლიდარობის ხიდებს სხვა უმცირესობებთან და დაუცველ ჯგუფებთან“, – ნათქვამია Tbilisi Pride-ს გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ჰომოფობიისგან დასაპირისპირებლად და ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად საზოგადოების ჩართულობა სჭირდებათ და მოუწოდებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში.
„გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს სათემო შეხვედრებში, დისკუსიებში და თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ჩაერთოთ პროცესებში.
რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“, – ნათქვამია Tbilisi Pride-ს გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის 25 მარტს „ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების ცენზურასა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
წარდგენამდე მის შესახებ მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს. კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.
შემდეგ კი უნდა მოხდეს მთელი რიგი კანონების შეცვლა და მათი ჰომოფობიურად ფორმულირება.
მდინარაძის ჰომოფობიურ ინიციატივაში ნათქვამია, რომ „კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს”.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, აკრძალულია იმგვარი შეკრება, ასევე, ისეთი ნაწარმოებების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში ამავე შინაარსის ინფორმაციის მიწოდება.
არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.
ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.