„დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს განახლებული ტრანსპორტი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მან სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მუშავდება თბილისის სატრანსპორტო გენერალური გეგმა, რომელიც წლის ბოლოსთვის იქნება მზად. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ავტოპარკი სრულად განახლდება და ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება.
ასევე განაცხადა, რომ კვლევების ფარგლებში გამოჩნდა საჭიროება თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის. მერის თქმით, უცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება
„ამ კვლევების ფარგლებში ჩვენ ვმუშაობდით იმაზეც, რომ თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქებიც მოგვეკვლია და მათთან კავშირები განგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, რომელიც გამოჩნდა ეს არის თბილისისა და რუსთავის კავშირი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. დღის განმავლობაში 30 000 ადამიანი გადაადგილდება ამ მიმართულებით, რუსთავიდან თბილისისკენ და პირიქით. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერიაში შემოდის წერილები იმის თაობაზე, რომ ტრანსპორტი არის სერიოზული პრობლემა, ვისაც ყოველდღიურად უწევს რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და უკან დაბრუნება.
კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, რომ სწრაფად იყოს წარმოდგენილი გენერალური გეგმა და ის წერტილები, თუ საიდან მოხდება ავტობუსების გასვლა თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და პირიქით, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით.
„არის ძალიან ბევრი სტუდენტი, რომლებიც ცხოვრობს რუსთავში და ეს გადაწყვეტილება მათთვის იქნება სერიოზული კომფორტი. ამიტომ, მინდა დავავალო მაია ბითაძეს, რომ ძალიან სწრაფად წარმოადგინოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს განახლებული ტრანსპორტი. განახლებული ტრანსპორტი, ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისს“, – თქვა კალაძემ.