„თბილისიდან მომავალი შერიგების სიგნალების" პასუხად - რას აცხადებს რუსეთის საგარეო

პუბლიკა

რუსეთი თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებთან „საზღვრების დელიმიტაციისკენ” მოუწოდებს, – ამის შესახებ ირკვევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან, სადაც საუბარია იმაზე, თუ რაზე ისაუბრა რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან „შემრიგებლური” სიგნალები „პრაქტიკულ განზომილებაში” უნდა გადაითარგმნოს, რაც, მათი თქმით, პირველ ყოვლისა მოიცავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის „საზღვრების” დელიმიტაციისა და შემდგომ დემარკაციის პროცესს

„რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ განზომილებაში გადათარგმნის, მათი კონკრეტულ ნაბიჯებად გამყარებისა და განვითარების მნიშვნელობას, რაც, მათ შორის, მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების თავის თავზე აღებას და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მათი შემდგომი დემარკაციით.

აღნიშნული ამოცანების აქტუალურობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის აღიარებით, რომ საქართველოშივე და მის საზღვრებს გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის” გახსნის გეგმებს ახორციელებენ და ასევე საქართველოს კონსტიტუციაში NATO-სა და EU-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ არსებული დოქტრინული ჩანაწერის რეგულარული დასტურით, რაც ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტის შესაბამისად შენებით გრძელდება”, – წერია განცხადებაში.

თარგმანს tabula.ge აქვეყნებს;


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.