თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება - კალაძე

პუბლიკა

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება. კალაძის თქმით, მათ შორის არის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მომავალი წლის ბიუჯეტზე კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც თქვა, რომ მომავალ წელს მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.

„მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 500 000 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 მლნ 486 ათასი ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს“, – თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, 2024 წელს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით
დაგეგმილია 507 მლნ 632 ათასი ლარის პროგრამების განხორციელება.