როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, „17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი“.
მერიის განცხადებით, ისინი ვერ დაარღვევენ ტრადიციას და ვერ გამოტოვებენ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად.
ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება”. – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართეს მოუწოდეს რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ ფერებში განათებულიყო.
„ეს იქნება ერთგვარი სოლიდარობის აქტი და გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ ქალაქის მერი ხედავს და აღიარებს ლგბტქ მოქალაქეებს და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ დათანხმდებით ჩვენს შემოთავაზებას. ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ეს შეფასდება, როგორც ჟესტი ქალაქის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იზოლაციის პირობებში მყოფი თემის თითოეული წევრისათვის, რათა მათ ამ ქალაქის და მისი მოქალაქეების საერთო კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა განაგრძონ.” – წერდნენ კახა კალაძეს.