თბილისის ავტობუსში მგზავრი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

პუბლიკა

თბილსში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთმა მგზავრმა მეორეს ორჯერ ესროლა.

„სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს. კაცმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი არ შეეშვა. დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა კაცმა (მისივე მტკიცებით) ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს. პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულის ადგილზე, ხოლო ადამინი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა“, – წერს ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ მკვლევარი ანნა ქართველიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.