თბილისის ბაღებში სრული მზადყოფნაა რომ ფუნქციონირება დაიწყონ, 3-4 ბაღი არ გაიხსნება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის უმეტეს საბავშვო ბაღში არსებობს სრული მზადყოფნა, რათა სააღმზრდელო პროცესი განახლდეს, გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბაღი წარმოადგენს.

„თბილისის ბაღებს რაც შეეხება, სრული მზადყოფნა არის იმისთვის, რომ დაიწყონ ფუნქციონირება. ჩვენ მაქსიმალურად შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დარგის სპეციალისტების მხრიდან. ყველანაირი მზადყოფნა არის, რათა ბავშვები მივიდნენ საბავშვო ბაღებში.

რამდენიმე, 3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნება, მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. ორშაბათს არის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე პრობლემა ექნება ვირუსთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად, წერტილოვნად მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, კახა კალაძემ.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და წესების დაცვით 12 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.