თბილისის ცენტრალური საავადმყოფო დაკავებული ექიმების შესახებ პროკურატურის ბრალდებებს უარყოფს

პუბლიკა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო თანამშრომლების დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საავადმყოფო „ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობაა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს“.

განცხადებაში განმარტებულია, რომ კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიელ ექიმებთან და მათი მეთვალყურეობით პაციენტებს წარმატებული ოპერაციები უტარდებათ.

საავადმყოფო ირწმუნება, რომ პაციენტს, რომლის მიმართ პროკურატურა დაკავებულებს გულგრილობას, თაღლითობასა და უკანონო საექიმო საქმიანობას ედავება, 2018 წლის სექტემბერში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა იტალიელი ექიმის მეთვალყურეობით. მოგვიანებით, ნოემბერში კი ისევ იტალიელ ექიმთან კონსულტაციით მეორე ოპერაცია დაიგეგმა.

„ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის ნაცვლად  საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცენტრალური საავადმყოფოს შეფასებით, ასევე მცდარია ერთ-ერთი დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის სამედიცინო ლიცენზიის შესახებ ინფორმაციაც.

„ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ცნობილი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ექიმი, ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვეციულ-რადიოლოგიურ ჩარევას, ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა. ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი.

პროკურატურის განცხადებით, ოპერაციის დროს დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას.

პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას.მაგდა ხოჭოლავა არის ექიმი-ანესთეზიოლოგი, რომელიც პაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას) და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია ექიმ მაგდა ხოჭოლავას სამუშაო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესახებ და განმარტებულია, რომ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იტალია შესულია იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით, მის მფლობელს აქვს უფლება, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პაციენტს დღემდე ჯეროვნად უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ამ საკითხს კი სათანადოდ უზრუნველყოფდა დირექტორი გიორგი ლობჟანიძე.

საავადმყოფოს მტკიცებით, გამოძიების მიმდინარეობისას ყველა პირი თანამშრომლობდა გამოძიებასთან და სამედიცინო დაწესებულების ინტერესია, გაირკვეს სიმართლე.

„მიუღებლად მიგვაჩნია ამ მოცემულობაში ექიმების მოულოდნელი დაკავება და მთელი რიგი უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება“, – წერია განცხადებაში.


„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორისა და ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გუშინ გაავრცელა.

სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირთან ერთად, უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით კიდევ ერთი პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.