თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მლნ ლარამდე თანხა გამოიყოფა – გახარია

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მლნ ლარამდე გამოიყოფა.

„თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია, უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ ვიყავი. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ ეს დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური და ეს ჯგუფი სხვათა შორის არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს.

რა თქმა უნდა, ეპიდემიისა და რისკების გავრცელების დღვანდელი გადმოსახედიდან, უარღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს, თანამედროვე,  გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღეთ მთავრობაზე გადაწყვეტილება, ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მლნ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შენობის შეძენა. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.