თბილისის ისტორიის მუზეუმი დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობის ქვეშ აღარ იქნება - სამინისტრო

პუბლიკა

თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) და ეთნოგრაფიული მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ცვლილების ძალაში შესვლამდე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმთან იყო გაერთიანებული, რომლის ხელმძღვანელიც დავით ლორთქიფანიძეა.

სამინისტროს ცნობით, კულტურის მინისტრის 3 მარტის ბრძანების საფუძველზე გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა.

ცვლილების თანახმად, მუზეუმთა ჯგუფს გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის დირექტორი უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა.

2021 წლის გაზაფხულზე, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:

  • 1. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
  • 2. ქართული სპორტის მუზეუმი;
  • 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი;
  • 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს.
  • 5. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.