თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს, 5 დეკემბერს ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონით“ გაიხსნა. ფილმი საქართველომ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის წარადგინა.
კინომიმომხილველმა ია ვეკუამ კინოჩვენების შემდეგ „პუბლიკასთან“ აღნიშნა, რომ ფილმი დიდ ინტერესს არა მხოლოდ „ოსკარზე“ წარდგენის გამო, არამედ იმის გამოც იწვევდა, რომ „მეოთხე ბრაიტონი“ 2013 წლის „შემთხვევითი პაემნების“ შემდეგ, ლევან კოღუაშვილის პირველი მხატვრული ფილმია.
„სამწუხაროდ, ეს ფილმი აღმოჩნდა ლევან კოღუაშვილის, ჩემი აზრით, ყველაზე სუსტი ფილმი. თითქოს, არ ტოვებს მთლიანობის განცდას, ფრაგმენტულობა, შეიძლება, გამოიწვია იმან, რომ გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოსა და ამერიკაში, თუმცა ასეთი პრაქტიკა ბევრ რეჟისორს ჰქონია არაერთ პროექტთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სცენარი სიტუაციებიდან გამომდინარე, გზადაგზა იწერებოდა. თუმცა თემატიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური მთელ მსოფლიოსა და, განსაკუთრებით, საქართველოში“, – გვითხრა ია ვეკუამ.
ლევან კოღუაშვილის ახალმა სურათმა ტრაიბეკასა და კოტბუსის კინოფესტივალებზე 3-3 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის, ორივე ფესტივალზე მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მოჭიდავე ლევან თედიაშვილს გადაეცა.
„მე ძალიან მიყვარს ლევანის ფილმები და ვიცოდი, რომ ვერც „მეოთხე ბრაიტონი“ იქნებოდა ცუდი. ბევრ რამეზე დავწერდი, მაგრამ ლევან თედიაშვილის და კახი კავსაძის დუეტი იმდენად არაჩვეულებრივია, მათი სულ რამდენიმეწუთიანი სცენები ღირს ერთ ფილმად. დიდ, მტკივნეულ თემებზე არაპათეტიკურად მოყოლა ცალკე ნიჭია. დიდი ხანი იყო გასული, რაც კინოში ცხარე ცრემლებით არ მიტირია“, – აღნიშნა ფილმის ნახვის შემდეგ კინომოყვარულმა მაშო სამადაშვილმა.
„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმის განმეორებითი ჩვენება 9 დეკემბერს, 21:00 საათზე, ამირანის მესამე დარბაზში გაიმართება. თბილისის კინოფესტივალი კი 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.
თვალი ადევნეთ „პუბლიკაზე“ ახალ ამბებს, რეცენზიებსა და პოდკასტს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიდან.