თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოება კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართა. დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე.
ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი:
- განსაკუთრებული აღნიშვნა მნიშვნელოვან თემებზე ფილმისთვის: „სველი ქვიშა“ (რეჟისორი ელენე ნავერიანი);
- განსაკუთრებული აღნიშვნა დებიუტანტ მსახიობ მარინე ყუბანეიშვილს ფილმში „რატომ ვართ ერთად“ შესრულებული როლისთვის.
- განსაკუთრებული აღნიშვნა ლევან თედიაშვილს მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“;
- ოქროს პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის: „ოთარის სიკვდილი“ (რეჟისორი იოსებ ბლიაძე)
დოკუმენტური ფილმი:
- დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი ორად გაიყო და ოქროს პრომეთე გადაეცა სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ და თათია სხირტლაძის „დიდება დედოფალს“.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
- განსაკუთრებული აღნიშვნა სამსახიობო ანსამბლისთვის: „პაპანაქება“ (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი);
- განსაკუთრებული აღნიშვნა კამერისა და განათებისთვის: „სასტუმრო მირაჟი“ (რეჟისორი გურამ ბაქრაძე);
- ოქროს პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის: „ტვირთი“ (რეჟისორი მირანდა ნამიჭეიშვილი).
საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან: იაელ ფოჟიე (ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი).
დღეს ასევე გამოვლინდნენ საქართველოს კინოცენტრის კონკურსის „წერე ქართულ კინოზე“ გამარჯვებულები:
III ადგილი – აბესალომ დარასელია;
II ადგილი – ელისაბედ ალფაიძე;
I ადგილი – ანი კილაძე.
საფესტივალო კინოჩვენებები 12 დეკემბერს დასრულდება.