თბილისის კინოფესტივალზე 9 სრულმეტრაჟიან ახალ ქართულ მხატვრულ ფილმს აჩვენებენ

პუბლიკა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვება 11 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.

დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე.

ჟიური შეაფასებს საკონკურსო ფილმებს და გამოავლენს გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

საერთაშორისო ჟიურის წევრები იქნებიან: იაელ ფოჟიე (ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი).

ფესტივალის ორგანიზატორთა ცნობით, წელს კინოფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ ფილმებზე კეთდება.

ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრულიფილმი, 9 დოკუმენტური ფილმი და 18 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ევროპული და მსოფლიო კინოს 60-მდე ნამუშევარი შემდეგ სექციებში:

• ევროპული კინოს ფორუმი;
• ჰორიზონტები ამერიკები;
• დამზადებულია გერმანიაში;
• ამბოხი კინოში;
• სპეციალური ჩვენებები;
• აპოლო: კინომეხსიერება;
• ანიეს ვარდას რეტროსპექტივა;
• მასტერკლასები.

ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ მართავს 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს, სექციაში „ევროპულ ფორუმი“ ასევე ნაჩვენები იქნება ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე.

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. არქივში ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.

ბილეთების შესახებ ფესტივალი ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.