თბილისის მერია და საკრებულოს ნაწილი „ქართული ოცნების" სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა

პუბლიკა

თბილისის მერია და საკრებულოს ნაწილი „ქართული ოცნების“ იმ ინიციატივას უერთდება, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვას ითვალისწინებს.

ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება და ერთმანეთის მხარდაჭერა. კალაძის თქმით, ბევრმა მოქალაქემ, ორგანიზაციამ თუ ბიზნესმა გამოთქვა დახმარების სურვილი და კორონავირუსით მიყენებული ზიანის პრევენციისთვის საინტერესო პროგრამებიც დაიწყო.

„მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელსა და მხარდამჭერს, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს;

დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტიანი ქმედებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ“, –  განაცხადა დედაქალაქის მერმა.