თბილისის მერია facebook-სპონსორობაში 70 000 ლარს გადაიხდის

პუბლიკა

თბილისის მერია აქტივობების facebook-სპონსორობაში 70 000 ლარს გადაიხდის, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულებიდან ირკვევა.

გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია თბილისის მერიის (facebook/instagram), 10 რაიონის გამგეობისა და 20-მდე სხვადასხვა სამსახურის საქმიანობისა და აქტივობების facebook-ზე რეკლამირებისთვის (დასპონსორება).

ამავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ აღნიშნულ მომსახურებაზე თანხმობა შესაბამის სააგენტოს 2018- 2021 წლების პერიოდზეც ჰქონდა.

ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ხარჯების ანაზღაურება თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან მოხდება.

შემსყიდველი – მერიის სააგენტო საჭიროებას ასე ასაბუთებს:

„აღნიშნულ სოციალურ ქსელებს საქართველოში, მათ შორის თბილისში, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს. ხოლო „ინსტაგრამი” არის „ფეისბუქის” კუთვნილი პლატფორმა.

…აღნიშნული შესყიდვის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა მერიის საქმიანობით დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის”, – ვკითხულობთ ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეკითხვაზე – რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება? – აღნიშნულია: „შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით. ასევე, სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა გვერდების რაოდენობიდან გამომდინარე (31 Facebook და 1 Instagram-გვერდი).

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრება.