თბილისის მერიის განცხადებით, დეზინფორმაციაა, რომ მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა.
მერიის განცხადებით, მდინარე ვერეს ხეობაში არსბეული ამჟამინდელი მდგომარეობა არ წარმოადგენს საფრთხეს.
,,გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაშიმოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.
გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.
შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დღეს ადიდებულმა მდინარემ ვერეს ხეობაში მანქანა წაიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ერთი მოქალაქე ავტომობილიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
სოციალურ ქსელში ადგილიდან არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა და გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა.