თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება და ცრუს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.
აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს.
ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე“, – აცხადებს უწყება.
ამავე თემაზე ბრიფინგი გამართა საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სოფო ჯაფარიძემ და განაცხადა, რომ „მერიამ გადაწყვიტა ააშენოს ახალი ადმინისტრაციული შენობა“, რაც მისივე განმარტებით საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მიუღებელია.