თბილისის მერია „წითელ ჯვართან“ ერთად მოხალისეების მობილიზებას იწყებს

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების დახმარებით მოხალისეებს მოამზადებს.

„ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს,  შეიძლება, საფრთხეც კი შევუქმნათ. ასევე, მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება.

ჩემთან ერთად იმყოფება„ წითელი ჯვრის“ საზოგადოების თავმჯდომარე ნათია ლოლაძე. სწორედ „წითელი ჯვრის“ დახმარებით და მათი დიდი გამოცდილების გაზიარებით მიმდინარეობს მოახლისეთა გადამზადება“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოუწოდა ახალგაზრდებს, ვისაც აქვს მოხალისეობის სურვილი, ჩაერთონ მერიის ღონისძიებებში, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მათ მონაცემებს ჩაიწერენ და შემდეგ დაუკავშირდებიან. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე მოქალაქეებს „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები გადაამზადებენ.