„პუბლიკამ“ თბილისის მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ. ჯამში საახალწლო ღონისძიებები, მორთულობა და სხვადასხვა ტიპის შესყიდვა დედაქალქს 6 164 589 ლარი უჯდება. გარდა ამისა, ჯერ უცნობია, რა დაუჯდება „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს“ ახალ წელთან დაკავშირებული 2 საინფორმაციო ვიდეოს დამზადება და სატელევიზიო ეთერში განთავსება. ასევე, მერიას „პუბლიკისთვის” კონცერტის ჩაშლილი ბიუჯეტი არ მოუწოდებია, რადგან მერიასა და სავარაუდო შემსრულებლებს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით „ამ ეტაპზე“ ფოიერვერკებისთვის გამოყოფილი თანხა 29 230 ლარია.
დაგეგმილი ღონისძიებების ხარჯები
მერიის ინფორმაციით, 2020 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის გამოყოფილია – 1 996 000 ლარი.
აქედან:
465 000 ლარი დაიხარჯება კონცერტის ორგანიზებასა და ჰონორარებში;
196 000 ლარი – კონცერტის დეკორაციასა და რეკვიზიტებში;
209 000 ლარი – ცენტრალური ნაძვის ხის ანთებისთვის;
509 000 ლარი – მუსიკალური საკონცერტო პროგრამისთვის (სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ბენდების კონცერტები, ელექტრონული მუსიკა, დიჯეები);
617 000 ლარი – საახალწლო ქალაქის სხვადასხვა აქტივობებისთვის – თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად; კოსტიუმირებული მსახიობები; ილუზიონისტების, ჯამბაზების, დრამერების, სასულე ორკესტრის წარმოდგენა; კინოთეატრი; თემატური ფოტოზონები და ინსტალაციები საბავშვო კონცერტები, ზღაპრის გმირები, ვორქშოფები; თეატრალიზებული წარმოდგენა – „პატარა პრინცი“;
შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება
2020 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის შეძენილი საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულებამ შეადგინა 598 385 ლარი. ამ თანხაში არ შედის 29 230 ლარი, რომელიც ფოიერვერკებისთვის არის ამ ეტაპზე გამოყოფილი.
51 100 ლარი – საციგურაო მოედნით მომსახურების შესყიდვისთვის დაიხარჯება;
120 000 ლარი – წრიული ფორმის სასცენო გადახურვისთვის;
138 000 ლარი – გარე გამოყენების (Outdoor) ეკრანით ღონისძიების უზრუნველსაყოფად;
158 645 ლარი – ორი მუსიკალური სცენით მომსახურებისთვის;
46 750 ლარი – მერიის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა კონსტრუქციის აღდგენა-რესტავრაციისა და მონტაჟი-დემონტაჟისთვის;
43 300 ლარი – ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიის დეკორაციებით მომსახურებისთვის;
15 900 ლარი – საახალწლო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ლითონის კონსტრუქციის აწყობილი თაღის (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი/დემონტაჟი/დასაწყობება) შესყიდვისთვის.
18 770 ლარი – საახალწლო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ხის ღობეების (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი/დემონტაჟი/დასაწყობება) შესყიდვისთვის.
5 920 ლარი – საცეცხლე კასრებისთვის.
ნაძვის ხე და განათებები
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქში 2019-2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 3 415 974 ლარს. აღნიშნულ თანხაში შედის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება – 304 848 ევრო (დაახლოებით მილიონ ლარამდე).
ვიდეორგოლები
თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ 2020 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად თბილისის მოსახლეობისთვის მისალოცი ვიდეოს დამზადებას გეგმავს. აღნიშნული კლიპის დამზადების მომსახურების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 125 000 ლარს.