თბილისის მერიიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს

პუბლიკა

მასალა განახლებულია.

თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება. სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის კიდევ 7 თანამშრომელი ავრცელებს, მათგან ოთხმა სოციალურ ქსელში მიღებული ბრძანების ფოტოც გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი ვინც გათავისუფლებაზე დაწერა თამთა კაჭახიძეა, ის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო.

კაჭახიძე ამბობს, რომ მერია თანამშრომლებს ათავისუფლებს სიტყვებისთვის – საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

„არ გავჩერდებით, სამსახურის დაკარგვა არაფერია, ქვეყნის დაკარგვის შიში გვაქვს ჩვენ! თქვენ არ იცით რას ნიშნავს, როცა შენს უკან სიმართლეა, საიდან გეცოდინებათ, აღარავინ დარჩა თქვენს რიგებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი, ვისაც ეს ოდესმე გამოუცდია ან უბრძოლიათ. გამოწვევა მიღებულია – სისტემა უნდა დაინგრეს, ზუსტად ამას ვამბობდით სტუდენტების აქციაზე, მწარედ მოგვატყუეს, მაგრამ მაშინ 20 წლისები ვიყავით, ახლა დიდი გამოცდილება და წმინდა წყლის სიმართლე გვიმაგრებს ზურგს! არცერთი ნაბიჯი უკან, გამარჯვების დროა! სისტემა უნდა დაინგრეს!“, – წერს კაჭახიძე.

ჯაბა ქარელი, რომელიც მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ბიზნესის განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო სამსახურიდან გაშვებას დასჯად აფასებს.

„მე, ჯაბა ქარელი, ერთი წამითაც არ ვნანობ არცერთ ჩემ ნაბიჯს საჯარო სამსახურში ყოფნის მანძილზე, მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით თქვენივე მიღებულ კონსტიტუციას არღვევდით, საკუთარ სამშობლოს ღალატობდით და ამავე ფიცის დაცვას გავაგრძელებ, რომელიც თქვენ ცარიელ სიტყვებად გადააქციეთ, რამეთუ ეს და სხვა ყველა თქვენი სადამსჯელო გადაწყვეტილება არის უკანონო, არალეგიტიმური და დროებითი! ბრძოლას თავისუფალი საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გპირდებით მივიყვანთ ბოლომდე, თუ თქვენ არ იცით ეს რას ნიშნავს ჩვენ გაჩვენებთ ეს როგორ ხდება!“, – წერს ჯაბა ქარელი.

სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიიღო ლიკა დავითაძემაც. ის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი იყო და ამბობს, რომ ეს განყოფილება „სამაგალითოდ დაისაჯა“. დავითაძე წერს, რომ სხვების მსგავსად, არ აპატიეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა და პეტიციაზე ხელმოწერა.

 „განსხვავებული აზრის გამო დევნის ფორმალურად შენიღბვის მიზნით, გამოგონილი რეორგანიზაციის შედეგად, ქალაქ თბილისის მერიაში აღარ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება – საკრებულომ ის გააუქმა. ქალაქებს შორის მრავალწლიანი ისტორია ერთი ხელის მოსმით ფეხქვეშ გათელეს! საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის გაუქმება მისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე არავის არასდროს თავში აზრად არ მოსვლია. […] სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ჩემი განყოფილების მხოლოდ იმ ოთხ თანამშრომელს შეგვეხო, ვინც საქართველოს კონსტიტუციისადმი ერთგულება ხელმოწერით დავაფიქსირეთ, ხოლო ერთადერთი თანამშრომელი, რომელმაც პეტიციას ხელი არ მოაწერა, ჩვენი განყოფილების გაუქმებამდე იმისთვის, რომ მისთვის სამსახური შეენარჩუნებინათ სხვა განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.  […] ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და მალე, სუნთქვასაც ვერ შეძლებთ თავისუფლად. საქართველოს ადგილი არის და იქნება დემოკრატიულ ევროპულ სივრცეში. #თავისუფლებარეჟიმისტყვეებს #სოლიდარობასაჯარომოხელეებს“, – წერს დავითაძე.

მათ გარდა გათავისუფლებაზე დაწერა  სალომე მაჭარაშვილმაც, რომელიც მერიაში 18 წელი მუშაობდა.

„პატივად ჩავთვლი ჩემი მოვალეობის დაცვის გამო სამსახურიდან გათავისუფლებას! ყველას გისურვებთ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას!“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

სამსახურიდან გაუშვეს რუსუდან ბეჟანიშვილი, რომელიც მერიის ადმინისტრაციის ლოჯისტიკის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და რეგულირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო. ის წერს, რომ უწყებაში 14 წელი მუშაობდა.

„აი ასე საყვარლად, კონსტიტუციის დაცვისთვის, პროევროპულ განცხადებაზე ხელის მოწერის გამო, ჩემი გათავისუფლების რიგიც მოვიდა“, – წერს ის.

ლიკა ლაღიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 31-წლიანი მუშაობის შემდეგ, მერიიდან ისიც გაათავისუფლეს. მისივე თქმით, კრიტიკული პოზიციის დაფიქისრების შემდეგ უფროსმა დაიბარა და უთხრა, რომ უწყებაში აღარ უნდა ემუშავა.

„მას შემდეგ, რაც მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად საჯაროდ დავაფიქსირე ჩემი მშვიდობიანი პოზიცია საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, დამიბარა სამსახურის უფროსმა და განმიმარტა რომ, ამის შემდეგ, აქ აღარ უნდა მემუშავა, რომ თურმე, არც ერთ მათ მიტინგებზე არ მიმიღია მონაწილეობა და ა.შ. პოლიტიკური მოტივით გვიშვებენ საჯარო სექტორიდან თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენი საქმე ვიცით, მაგრამ ერთგულები ვართ საქართველოს კონსტიტუციის. მერია ჩემთვის იყო სამსახურზე მეტი – მთელი ცხოვრება. მაგრამ, დგება დრო, როცა ხმამაღლა და საჯაროდ უნდა თქვა სათქმელი.მაშინ როცა, ჩემი ცხოვრების მთავარი იდეისთვის ბრძოლისას გადავსებულია საპატიმროები, ნაცემი და ძვლებში დალეწილია გარშემო ხალხი, საკუთარ კეთილდღეობაზე უარის თქმა მხოლოდ მინიმუმია. მეორე მხარე კი ის არის, რომ ლოდი მომეხსნა. მორალურ უპირატესობას ვგრძნობ და სწორ ადგილას ვარ და ეს არის ძალიან მაგარი. ღრმად მწამს, ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენის, ქვეყნის ევროპული მომავალია“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

უწყებაში თითქმის 10-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებაზე დაწერა ნანკა დეკანოსიძემ.

„ყველაზე „აპოლიტიკური რეორგანიზაციის“ სახელით გამათავისუფლეს. სანიმუშო საჯარო მოხელეს არ მაპატიეს ჩემი ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერა, რომელიც დავადასტურე კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვის პეტიციაზე ხელმოწერით. არაფერია სათქმელი, ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩემი, ისევე როგორც უამრავი კოლეგის, გათავისუფლება ცალსახად პოლიტიკურია და ერთადერთ მიზანს ემსახურება, დააშინონ დარჩენილები! ბოლომდე ამოძირკვონ კრიტიკული აზრი, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული მოსაზრება! მოკლან ადამიანი ადამიანში! ყველა რეპრესირებულს ვუცხადებ ჩემს სოლიდარობას და ვწუხვარ სახედაკარგული, ღირსებააყრილი ადამიანების გამო, რომელთაც პირადი გამორჩენისათვის ყველაფერი იკადრეს“, – წერს ის.


თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ უარყო, რომ მერიიდან რეორგანიზაციის საფუძველზე თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებთან კავშირშია.

„ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია-სამსახურების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ახლაც დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე“, – განაცხადა კალაძემ დეკემბერში.