თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ვიცე-მერის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ილია ელოშვილი კახა კალაძის მოადგილედ ჯერ კიდევ 2017 წლიდან მუშაობდა. მან ვიცე-მერის თანამდებობა კალაძის მეორე ვადით არჩევის შემდეგაც დაიკავა.
2012 წლიდან ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. 2016 წელს რამდენიმე თვით იკავებდა მინისტრის თანამდებობა. მანამდე ელოშვილი სხვადასხვა კერძო კომპანიაში მუშაობდა.