თბილისის მიმდებარედ ხანძრები ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია.

თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა.

უწყების ცნობით, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.

საგანგებოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება“. საფრთხის მაღალი ხარისხის გამო თავდაპირველად ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან.

„მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ – ლიკვიდაცია“, – აცხადებს უწყება.