თბილისის მუნიციპალური ინსპექცია PHR-ის განცხადებას ეხმაურება

პუბლიკა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ეხმაურება ორგანიზაცია – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ გავრცელებულ ინფორმაციას ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათი სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

PHR-ის წარმომადგენელი ანა აბაშიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავდა, რომ ოჯახმა ოფიციალური გაფრთხილების მიღების შემდეგ, 14 დეკემბერს სატალეფონო საუბრისას მიიღო დამატებითი შეტყობინება ინსპექტორისგან, რომ 20 დეკემბრამდე უნდა დაეცალათ სახლი.

„მათ მიიღეს გაფრთხილება მერიისგან, რომ უკანონოა სახლი, რომელიც თვითონ ააშენეს და ოფიციალურად მიუვიდათ გაფრთხილება მერიიდან, რომ დემონტაჟს ექვემდებარება ეს კონკრეტული სახლი.  14 დეკემბერს ხელახლა დაურეკა მათ მერიის თანამშრომელმა, ვინმე ლაშა ქობულაშვილმა, რომელმაც ოჯახს აცნობა, რომ 20 დეკემბრამდე უნდა დაცალონ სახლი – ანუ ნივთები უნდა გაიტანონ, რადგან დაგეგმილია სახლის დემონტაჟი“, – გვიყვება ანა აბაშიძე.


ანა აბაშიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ოჯახში ცხოვრობს 8 წლის გიგი და მისი ორი დედმამიშვილი. მათ ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია. აბაშიძის თქმით, ისინი დევნილები არიან და აქვთ პატარა სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში გარეთ, ყინვაში დარჩებიან.

PHR-მა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და  მათი სახლის დანგრევის შეჩერება მოითხოვა.

„დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით უკვე მივმართეთ სასამართლოს, რომ დროებითი განჩინება დადგეს. ხოლო თუ დაკმაყოფილდა, ათი დღის ვადაში ისევ მივმართავთ ძირითადი სასჯელით, რომ, საერთოდ, ასეთ გარემოში ბავშვების გამოყრა ქუჩაში პანდემიის დროს პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს და მათ შორის, კანონმდებლობას – როგორც ბავშვთა კოდექსს, ისე საერთაშორისო კონვენციას“, – აღნიშნა აბაშიძემ.


მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ეს უწყება მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟზეა უფლებამოსილი. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

„პუბლიკას” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოსახლების პროცედურა მათი უფლებამოსილება არ არის და მას აღსრულების ბიურო ახორციელებს. მათი თქმით, მერია აფიქსირებს შენობის უკანონობას და შესახლების ფაქტს.