თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო პერსონალი გაიფიცა

პუბლიკა

21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი გაიფიცა. ამის შესახებ ინფორმაციას „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“ ავრცელებს.

პროფკავშირის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ გაფიცული პერსონალი ხელფასის 100%-ით ზრდას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვს.

„21 დღის წინ დაიწყო დავა, მედიაციის პროცესი. ეს ადამიანები არიან ჩვენი პროფკავშირის წევრები და ითხოვენ ხელფასების მატებას. მედიაციის პროცესში ვერ მოხდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით და ამიტომ გაიფიცნენ.

როცა შეთანხმება ვერ მოხდა, შეტყობინება შევიდა კანონის შესაბამისად და გაიფიცნენ, მაგრამ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებელმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. გაფიცულები ამ ადამიანების სამსახურში აღდგენასაც ითხოვენ. დღეს არის გაფიცვის პირველი დღე.

მათი ანაზღაურება, დაახლოებით, არის საშუალოდ 500 ლარი და ითხოვენ 100%-იან ზრდას. ოპერასთან იყო მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა“, – ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს დამსაქმებელს, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა მოთხოვნები.