თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ - სააგენტო

პუბლიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 9 ნოემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 18:00 საათის ნაცვლად 21:00 საათამდე მიიღებენ.

„როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეებისათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით პირველი ივნისიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა და ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24.00 საათამდე გასცემენ 4 000-ზე მეტ სერვისს.

თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციის და 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, განახლებული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იუსტიციის სახლის თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში 9 ნოემბერს და შემდგომ დღეებში 21:00-დან 00:00 საათამდე პერიოდში ჰქონდათ ვიზიტი დაჯავშნილი, სერვისის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ იმავე დღეს, მაგრამ ნაცვლად ღამის საათებისა, უნდა მობრძანდნენ დილის 09:00-დან 11:00 საათამდე. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს დრო მათთვის მისაღები არ არის, მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ სატელეფონო ცენტრს (2 405 405) და იუსტიციის სახლი მათ ვიზიტისათვის ალტერნატიულ დროს შესთავაზებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხმარებლებისთვის წინასწარი დაჯავშნის წესს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/38m8qfW