თბილისის საააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.

კონსულტაციაში მონაწილეობა მიიღო სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ.

„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც სხდომას მონიტორინგს უწევდა, წერს, რომ კონსულტაციების დროს ყველა მოსამართლემ მიხეილ ჩინჩალაძეს დაუჭირა მხარი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი გურო იმნაძე წერს, რომ იუსტიციის საბჭო თვეზე მეტხანს წელავდა ჩინჩალაძის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ჩინჩალაძე მეორე ვადით დანიშნეს მეორე ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარედ.

„საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის დიდ ნაწილს, ისევე როგორც თავად საპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, ჩინჩალაძე თვალითაც არ ეყოლებათ, ალბათ, ნანახი, მაგრამ მაინც უპირობოდ დაუჭირეს მას მხარი“, – წერს იმნაძე.

„დაიწყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა – მიხეილ ჩინჩალაძე ისევ თავმჯდომარედ აირჩიეს“, – წერს გიორგი მშვენიერაძე, „დემოკრატიის მცველების“ წარმომადგენელი.

კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან. თანამდებობაზე შერჩეულ პირს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი განაცხადი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.

ხოლო 5 წლიანი მუშაობის ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

მიხეილ ჩინჩალაძე მოაზრებულია ე.წ. სასამართლოს კლანის ლიდერად. ცოტა ხნის წინ მართლმსაჯულებაზე მომუშავე არასამთავრობოებმა მოსამართლეებს მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ მისი კანდიდატურისთვის.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთ პირობად აქვს წაყენებული, ვერ შესრულდება იმ პირობებში, როცა სასამართლოს მართავს ე.წ. კლანი მიხეილ ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეების მეათურობით.