თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის საქმეზე მსჯავრდებული გელა უძილაურის განაჩენი ძალაში დატოვა. გელა უძილაური დამნაშავედაა ცნობილი ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ბრალდებაში.
პროკურატურის ვერსიით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოება ჰქონდათ და ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.
უწყების ვერსიით, ფარცხალაძესთან შეთანხმების შესაბამისად, ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გააცნეს ჯანგველაძის მკვლელობის გეგმა, შემდეგ კი ერთად დაიწყეს შემსრულებლის მოძიება.
„ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა“, – აცხადებს პროკურატურა.
ამ საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან გიორგი კაჭკაჭიშვილი და სანდრო წივწივაძე. პროკურატურის ვერსიით, კაჭკაჭიშვილმა და ჯოხაძემ შეიძინეს სანდრო წივწივაძისგან იარაღი, რომლითაც გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძეს ესროლა.
ლევან ჯანგველაძე თბილისში 2025 წლის 14 მარტს მოკლეს.
გელა უძილაური თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2025 წლის 24 ოქტომბერს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გელა უძილაურმა მკვლელობა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ეს განზრახ და შეკვეთით არ გაუკეთებია. უძილაურის მტკიცებით, მკვლელობა უკავშირდებოდა უკრაინაში ლევან ჯანგველაძის დავალებით მისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
საქმეზე სხვა ბრალდებულები
- ოთარ ფარცხალაძეს ბრალად ედება ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება; გამოძიება მას დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერად მიიჩნევს;
- ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს პროკურატურა ასევე მკვლელობის ორგანიზებას სდებს ბრალად;
- სანდრო წივწივაძეს ბრალად ედება იარაღის გასხვისება