თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებს დიმიტრი გვრიტიშვილიც განიხილავს

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს.

მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საიას და „ჩემი ხმის“ საქმეებს. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: დიმიტრი გვრიტიშვილი, გოჩა დიდავა და დავით ახალბედაშვილი.

პროცესზე მოითხოვეს გვრიტიშვილის აცილება, რაც არ დაკმაყოფილდა.

გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრად მოიხსენიებენ. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ვეტინგს”, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს.

ის მოსამართლედ დანიშვნამდე მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე – უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. 2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2015 წლიდან კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ. 2017-2021 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა.

2020 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2022 წლის ოქტომბერში მოსამართლეთა კონფერენციამ მეორედ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. 2023 წლის მაისიდან აგრეთვე არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.