თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა.
„გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სასამართლო ცდილობდა, რომ ყველა საქმე ერთად გაეერთიანებინა და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი“, – აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.
ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილების დასაბუთებას ჯერ არ იცნობს, თუმცა პროცესზე გამოიკვეთა, რომ ხმის მიცემის პროცესში არჩევანის ფარულობა დაცული იყო.
„ახლა, ასევე სხვა პერიოდში დასტურდებოდა და დასტურდება ის, ჩარჩო კონვერტის გამოყენებით ფარულობა ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის პროცესში სრულად იყო უზრუნველყოფილი. ამავდროულად, პირველი ინსტანციის დროს საქმის განხილვისას ჩვენ ასევე, მივუთითებდით ფარულობის პრინციპის დაცვაზე. საბოლოო ჯამში, სააპელაციო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში რა არგუმენტაციასაც ეყრდნობოდა, ეს, ამ ეტაპზე, ჩვენთვისაც უცნობია.
ამასთან, განხილულ იქნა ყველა შემთხვევა და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ იმგვარი დარღვევები, რომელიც მაგალითად ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია. გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა – ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა.
5 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.