თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2020 15-22 დეკემბერს ინტერნეტსივრცეში გაიმართება, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი ონლაინ სრულიად უფასოდ შეძლებს.
მერიის თქმით, 15 დეკემბრიდან – 18 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში, საერთაშორისო პროგრამის ბმული კი, ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.
რაც შეეხება ქართულ სპექტაკლებს, მერიის განცხადებით, პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში.
პროგრამისა და სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდსა და Facebook-გვერდზე.