დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
„ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, ეს გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზეც. 2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია 1 მლრდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდია. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.