ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბაშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.
აბაშიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის მან პირველი დაასახელა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
თავმჯდომარეობამდე ზურაბ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
აბაშიძე იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების”, გენერალური მდივანი. ის „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს სხვდასხვა უწყებაში იკავებდა თანამდებობას.
კერძოდ:
- 2004-2005 წწ. – იუსტიციის მინისტრის მოადგილე; იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აპარატის უფროსი;
- 2005-2007 წწ. – ფინანსთა მინისტრის მოადგილე; მთავრობის აპარატის უფროსი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო მისიების მინისტრი;
- 2007-2008 წწ. – საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი;
- 2009-2010 წწ. – ოპოზიციური პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი;
- 2010–2012 წწ. – თბილისის საკრებულოს წევრი; თავმჯდომარის მოადგილე.
„ქართული ოცნების” ხელსუფლებაში მოსვლის შემდეგ კი იყო საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ასევე 2012 – 2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე აქამდე გიორგი ტყემალაძე იყო თუმცა მან თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა დაიკავა.