თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები | TI-ის ახალი კვლევა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა თბილისის VII მოწვევის საკრებულოს 50-ვე წევრის, მათ შორის 29 თანამდებობის პირის, ბიზნეს ინტერესები, სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულებები და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა:

  • საკრებულოს 8 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, ლევან აბაშიძე, თორნიკე ბიკაშვილი, ოთარ გრიგოლია, გივი ჩხარტიშვილი, გიორგი შარაშიძე.

  • 8 თანამდებობის პირმა, კერძო კომპანიაში საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, ლევან ჯაფარიძე, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, თორნიკე ბიკაშვილი, სოფიო ჯაფარიძე, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

  • 5 თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, შალვა ოგბაიძე, თორნიკე ბიკაშვილი, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

  • 4-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში მისი ან ოჯახის წევრის ეკონომიკურად აქტიური კომპანიებიდან მიღებულ შემოსავალზე 0 ლარი მიუთითა, რაც, შესაძლოა, შემოსავლების არასრულად დეკლარირებაზე მიუთითებდეს. ესენი არიან: გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ლევან არველაძე, გიორგი შარაშიძე.~

TI-ის ცნობით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა, კერძოდ:

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ 29 დეპუტატიდან 16-მა, ერთ დღეს, 2021 წლის 12 ოქტომბერს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) შესწირა საეჭვოდ იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ – თანხის ჯამურმა ოდენობამ 115,000 ლარი შეადგინა.

13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა დეპუტატმა – ავთანდილ ცინცაძემ, ალექსანდრე ხუჯაძემ, აკაკი ალადაშვილმა, ირაკლი ხელაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ – ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა ქართული ოცნების ანგარიშზე.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი, რომ

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წელს შეისწავლა ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შემომწირველი ფიზიკური პირების ფინანსები. შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებასთან დაკავშირებული დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ვრცლად მოკვლევის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.