თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი.

როგორც საქმის პროკურორმა სხდომის დაწყების წინ განაცხადა, არ არსებობს ახალი გარემოება იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალოს.

„გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დღეს დავკითხავთ სამ მოწმეს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, არ არსებობს. რაც შეეხება საფრთხეები, რაც აქამდე არსებობდა ბრალდების მხრიდან, ძალაშია“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.


ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის თქმით, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი მონაწილეობისთვის გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლებულიყო.