თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი მეუღლისგან გადაედო. გოგიტიძის განმარტებით, ეს შემთხვევა წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს.

გოგიტიძის თქმით, ექიმს სიმპტომი გუშინ გამოუვლინდა, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა, შესაბამისად, მისი თქმით, დაბალია იმის შანსი, რომ მისგან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი გადადებოდა. მიუხედავად ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილები იყვნენ თვითიზოლაციაში.

„აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან, ეს არ მომხდარა პაციენტის მხრიდან, ინციფირების წყაროს წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერი. ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სიმპტომები დაეწყო გუშინ. მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს, ანუ მისი ბოლო მორიგეობიდან სიმპტომების გამოვლენამდე გასულია რამდენიმე დღე და რეალურად, მასტან მყოფი თანამშრომლების დაინფიცირების რისკი არის დაბალი, თუმცაღა, პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი”, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი სრულად აღჭურვილი და დაცული დადის გამოძახებებზე. რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკლებია პაციენტთან კონტაქტისას დაინფიცირების შანსი, ასევე სამედიცინო პერსონალიდან პაციენტზე გადადების შანსიც.

„ყველა ის პირი, ეს იქნება პაციენტი, თუ სამედიცინო პერსონალი, ვისთანაც მას ჰქონდა შეხება, ყველა არის იდენტიფიცირებული”, – ამბობს ამირან გოგიტიძე.