თბილისის სასწრაფო მოსახლეობას სთხოვს გრიპისა და ინფექციების დროს ოჯახის ექიმს მიმართონ

პუბლიკა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახელობას მიმართავს და სთხოვს გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს – “რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება”.

თბილისის სასწრაფოს განცხადებით ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ და ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის.

“გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით”. – ვკითხულობთ განცხადებაში.