თბილისის ყველა საჯარო ბაღის თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს - კალაძე

პუბლიკა

მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს ეწევიან და ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან. ამ ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია. 2017 წლიდან, როდესაც პირველად დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როდესაც ბავშვებზე, შვილებზე, მომავალ თაობაზეა საუბარი აქ ყოველთვის იქნება მიმართული ძალისხმევა, რომ ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, დედაქალაქში არსებული ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქს შეშურდეს.

„მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ 2017 წლიდან დღემდე შევძელით 23 ახალი ბაღის აშენება, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 11 ბაღს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ამით არ შემოვიფარგლებით, ვაგრძელებთ მუშაობას და ხედავთ, როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეიძლება შეშურდეს ასეთი ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს სტანდარტი შენარჩუნებული იქნება”, – აღნიშნა კალაძემ.